English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურმან ცარციძე
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა და ახალგაზრდების დასაქმების თავისებურებები საქართველოში

შრომის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების მიმდინარე ეტაპზე საქართველოში მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში უმუშევრობა ყველაზე მწვავე,  გლობალური ხასიათის პრობლემასა და აქტუალურ გამოწვევას წარმოადგენს. იგი ქვეყანაში აღიარებულია როგორც სიღარიბის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის დასაქმების პრობლემების სიღრმისეულ კვლევას. საკითხის აქტუალურობას აძლიერებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შედარებით სტაბილურ ტემპებს, ბიზნესგარემოს რეფორმირებასა და ინვესტიციების მოცულობის გადიდებას, მოსახლეობის ცალკეული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით დასაქმების დონესა და დინამიკაზე შესამჩნევი გავლენა არ მოუხდენია.

ნაშრომში გაანალიზებულია ახალგაზრდების უმუშევრობისა და დასაქმების თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები, სირთულეები, გამოკვლეულია მისი გამომწვევი მიზეზები, მასზე მოქმედი ფაქტორები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდების, როგორც განსაკუთრებული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის დასაქმების თავისებურებების კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობა, ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული  შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები:  შრომის ბაზარი, უმუშევრობა, ახალგაზრდების დასაქმება,  დასაქმების აქტიური პოლიტიკა.

შესავალი

 ნებისმიერ ქვეყნაში ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფას, რომელშიც უმთავრესი როლი შრომის ბაზრისა და დასაქმების აქტიური პოლიტიკის შემუშავებამ და მისმა შემდგომმა პრაქტიკულმა რეალიზაციამ უნდა შეასრულოს. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად მიიჩნევს დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ქმედითი ღონისძიებების შემუშავებასა და მის პრაქტიკულ რეალიზაციას. მისი „მთავარი მიზანია მოსახლეობის პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა“ (დადგენილება N167, 2016, 2). აღნიშნული პოლიტიკის უპირატესობა აღიარებულია და დასტურდება განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილებით. ის სტიმულს აძლევს მოსახლეობის ყველა სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფს შრომის ბაზარზე აქტიური მოქმედებისათვის, ხელს უწყობს კადრების მომზადება-გადამზადებისა და უმუშევართა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. თავისი შინაარსით, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ისეთ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ეკონომიკური ღონისძიებების სისტემას, რომელიც მიმართულია სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომითი საქმიანობის სფეროს გაფართოებისაკენ, იძულებითი უმუშევრობის შემცირებისა და ეფექტიანი დასაქმების ზრდისაკენ. მას საფუძვლად უდევს დასაქმების სახელმწიფო, რეგიონული და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება[1], რომელთა რეალიზაციამ უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა. პერსპექტივაში კი, სიღარიბის დონის მასშტაბების შემცირება, შრომითი ცხოვრების ხარისხის სრულყოფა და საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის საგრძნობი გაუმჯობესება.

შრომის ბაზრისა და დასაქმების აქტიური პოლიტიკის ფარგლებში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მოსახლეობის ცალკეული სოციალურ-დემოგრაფიული და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებს. შესაბამისად, ამ მიზნით შემუშავებული კონკრეტული პროგრამები უნდა დაეფუძნოს შრომის ბაზარზე თითოელი ჯგუფის ქცევის თავისებურებების, მათი უმუშევრობისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის სიღმისეულ ანალიზს, შესწავლას, საფუძვლიან მეცნიერულ კვლევას. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ მათმა რეალიზაციამ, საბოლოო ანგარიშით, უზრუნველყოს შრომის ბაზრის რეგულირების ძირითადი მიმართულებების შესაბამისობა ქვეყნის განვითარების სხვა სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებთან.

შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემები საქართველოში

  ეკონომიკის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, მასობრივი, ქრონიკული უმუშევრობის დაძლევა და შრომისუნარიანი მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება კვლავ სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად რჩება. „უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად უმუშევრობის დონის შემცირება მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ (საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი 2017, 3). უფრო მეტიც, ის მიჩნეულია ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად, რომელმაც სხვა უამრავ ნეგატიურ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგთან ერთად, ხელი შეუწყო არაფორმალური დასაქმებისა და არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდას. უმუშევრობის დაძლევისა და ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით რაციონალური პოლიტიკის შემუშავებისათვის აუცილებელია მათი ძირითადი კომპონენტების კვლევა, ანალიზი. საკითხის აქტუალურობას აძლიერებს ისიც, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც. კერძოდ:

ü შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებობს მკვეთრი დისბალანსი. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად ჩამოყალიბდა შრომის ბაზრის კონიუნქტურის შერეული ტიპი, სადაც უმუშევრობის მაღალი დონისა და მასშტაბების მიუხედავად, არსებობს ცალკეული პროფესიისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის დეფიციტი. „ბევრია ისეთი სპეციალობის მქონე ადამიანი, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავე დროს, არასაკმარისია სათანადო კვალიფიკაციის მქონე კადრი“ (დადგენილება N400, 2014, 21). აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომ განათლების თანამედროვე სისტემა და განსაკუთრებით - პროფესიული განათლება, ნაკლებად არის ორიენტირებული შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე;

  •   ბიზნესგარემოს რეფორმირებასა და ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში დასაქმების დონის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. სახეზეა არაეფექტიანი დასაქმება, ე. წ. „ღარიბი დასაქმებულების“ არსებობა და ეროვნული მეურნეობის რიგ დარგში შრომის მწარმოებლურობის დაბალი დონე. ამასთან, ქრონიკული უმუშევრობის არსებობა [უმუშევართა შორის ხანგრძლივი უმუშევრების (1-დან 3 წლამდე და მეტი) მაღალი წილი (67.0%–68.0%)], განაპირობებს სიღარიბის დონის, სიღრმისა და სიმწვავის მაჩვენებლების მაღალ დონეს;
  •  უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ახალგაზრდებში. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემადგენლობაში მათ დასაქმების ნაკლები პერსპექტივები აქვთ;
  • უმუშევართა შორის ასევე მაღალია უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე პირთა რაოდენობა. „განათლებისპოლიტიკის, დაგეგმვისადამართვისსაერთაშორისოინსტიტუტისკვლევისმიხედვითდგინდება, რომსაქართველოშიუმაღლესიგანათლებისმქონეპირთამხოლოდ 24.0%-იადასაქმებულიდამუშაობსსაკუთარიპროფესიით“ (Tsartsidze 2018, 35);
  • ქვეყანაში შენარჩუნებულია ფარული უმუშევრობისა და არაფორმალური დასაქმების, შრომითი მიგრაციის მაღალი დონე და მასშტაბები;
  • ადამიანური კაპიტალის განვითარების დაბალი დონე და ხარისხი;
  •  შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის პრობლემები, ხელფასის დაბალი დონე და მისი ძირითადი ფუნქციების შესუსტება;
  •  შრომის ბაზრის ერთიანი ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის განუვითარებლობა;
  • კადრების მომზადება-გადამზადებისა და პროფესიული განათლების სისტემის ორგანიზაციის დაბალი დონე, რაც შესაბამისად აისახა შრომის ბაზრის კონიუნქტურაზე და სხვა.

არაეფექტიანი დასაქმება, უმუშევრობის მაღალი დონე და მასშტაბები, ქრონიკული უმუშევრობის არსებობა, მოქმედებს არამარტო მოსახლეობის ცხოვრების დონესა და სიღარიბის მასშტაბებზე, არამედ არსებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და მნიშვნელოვნად აფერეხებს მისი შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის რაციონალურ, ეფექტიან გამოყენებას. ამიტომ, ღირსეული შრომის, ცხოვრების პირობებისა და სოციალური უსაფრთხოებისათვის ბრძოლა წამყვან ადგილს იკავებს და სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის პირველი რიგის ამოცანა ხდება. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისა და „ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს“ (ხადური 2018, 42).ქვეყნის, დარგის, საწარმოსა და ინდივიდის დონეზე შრომითი პოტენციალის ამაღლება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ადამიანური კაპიტალის სრულყოფილი, ხარისხობრივი განვითარება უნდა გახდეს დასაქმების აქტიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება შრომის ბაზრის ფორმირების მიმდინარე ეტაპზე.

       ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები და თავისებურებანი საქართველოში

 ახალგაზრდები - მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომლებიც გამოირჩევიან ასაკობრივ თავისებურებებთან დაკავშირებული რიგი ასპექტიებით. კერძოდ: სოციალური მდგომარეობით, საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში თავიანთი ადგილითა და ფუნქციებით, სპეციფიკური ინტერესებით, ფასეულობებით და სხვა. მათი დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა ყველა განვითარებული ქვეყნის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ის ძალზე აქტუალური თემაა თანამედროვე საზოგადოებისათვის, რადგან ცნობილია, რომ მოთხოვნა ახალგაზრდა სამუშაო ძალაზე, რომელთაც არ გააჩნით სამუშაო გამოცდილება და მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები, დაბალია. ახალგაზრდების შრომის ბაზარი ხასიათდება საჭირო პროფესიული გამოცდილების ნაკლებობით, რაც განაპირობებს მათ დაბალკონკურენტუნარიანობას სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რადგან ის სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, დაკავშირებულია მნიშვნელოვან სოციალურ რისკებთან. მეორე მხრივ, ის სახელმწიფოს მხრიდან განიხილება როგორც აქტიური საზოგადოებრივი ძალა და სტრატეგიული ადამიანური რესურსი. უფრო მეტიც, ბევრი მეცნიერი მათზე ზრუნვას, მათ აღზრდა-განათლებას, ქვეყნის გადარჩენისა და საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს: “დღეს უნდა გავიმეოროთ მრავალგზის უკვე ნათქვამი–ჩვენს ქვეყანას სირთულეებიდან გამოიყვანს და გადაარჩენს ახალგაზრდა თაობის აღზრდა–განათლება, ერის განათლება, საზოგადოების გადარჩენისა და შემდგომი წინსვლის რეალური გზაა“ (მეტრეველი 2018, 7-18).აღნიშნული პრობლემის მნიშვნელობა, აქტუალურობა დასაბუთებულია შრომის ბაზრის ფორმირებისა და განვითარების სამთავრობო სტრატეგიაშიც, რომლის მიხედვითაც „უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და აქტუალური გამოწვევაა.....უმუშევარ მოსახლეობას შორის დომინანტია  ახალგაზრდობა, რაც კიდევ უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“ (დადგენილება  N199, 2013, 3).

 ახალგაზრდების დასაქმების, უმუშევრობისა და ეკონომიკური აქტივობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნებისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მათი შემადგენლობა, ზოგადი ასპექტით, იმიჯნება ორ ძირითად ჯგუფად: მოსწავლეები და მომუშავე ახალგაზრდები. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის, 2016 წლის ჩათვლით შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევებისა და 2017 წელს სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 15-29 წლის ახალგაზრდობის წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 20.0%-ის ფარგლებში მერყეობდა. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან მიმართებით კი მათი წილი 37.7%-ია (იხ. ცხრილი N1).

ახალგაზრდების ეკონომიკური აქტივობა, უმუშევრობა დ ადასაქმება საქართველოში 2007-2017 წლებში (ათასი კაცი)

ცხრილი 1

წლები

ასაკობრივი ჯგუფი

ეკონომიკურად აქტიური

სულ  ეკონომიკურად აქტიური

ცი

უმუშევრობის დონე (%)

ეკონომიკური აქტიურობის დონე (%)

დასაქმების დონე (%)

დასაქმებულები

გაურკვეველი

უმუშევრები

სულ

 

დაქირავებული

თვითდასაქმებული

 

2007

15-19

27,7

3,5

24,2

-

15,3

43,0

35,6

14,7

9,5

20-24

85,3

37,1

48,2

-

56,3

141,6

39,7

46,4

28,0

25-29

114,1

60,5

53,5

0,1

54,4

168,5

32,3

71,7

48,5

2010

15-19

29,7

5,8

23,8

0,1

13,1

42,8

30,7

15,3

10,6

20-24

99,4

48,7

50,2

0,4

65,7

165,1

39,8

59,1

35,6

25-29

134,2

76,7

57,1

0,3

54,0

188,2

28,7

73,8

52,5

2016

15-19

22,9

6,7

16,3

-

12,2

35,1

34,7

17,3

11,3

20-24

85,9

50,7

35,1

0,1

42,0

127,9

32,7

57,2

38,4

25-29

137,9

94,4

43,1

0,4

44,0

181,9

24,2

73,0

55,3

2017

15-19

37,8

9,7

27,8

0,2

14,0

51,8

27,1

24,6

17,9

20-24

95,6

59,0

36,5

-

40,1

135,7

29,6

64,3

45,3

25-29

167,3

113,2

54,0

0,1

43,9

211,2

20,8

75,8

60,1

რაც შეეხება თვით ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდების დინამიკას, 2017 წელს 2007 წელთან შედარებით, მათი რაოდენობა 45,6 ათასი კაცით, ანუ 12.9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება დასაქმებულთა რიცხოვნობაც, რომელიც მთლიანობაში იმავე პერიოდში 73.6 ათასი კაცით, ანუ 32.4%-ით გაიზარდა. დასაქმებული ახალგაზრდების სტრუქტურაში 60.5% დაქირავებით მომუშავეა, ხოლო 39.3%-თვითდასაქმებულია (0.2% გაურკვეველთა კატეგორიას განეკუთვნება). აღსანიშნავია, რომ 2007 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით (79.9%) ხასიათდება სწორედ დაქირავებით დასაქმებულის სტატუსის მქონე ახალგაზრდების წილი, ხოლო რაც შეეხება თვითდასაქმებულთა კატეგორიას, მათი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 6.0%-ითაა შემცირებული. ეკონომიკურად აქტიური 15-29 წლის ახალგაზრდების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უკავიათ უმუშევრებს. ასე მაგალითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევარი ახალგაზრდების რაოდენობა 126.0 ათასიდან 98.0 ათას კაცამდე, ანუ 22.2%-ით შემცირდა. მათ შორის, 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში-28.8%-ით, ხოლო 25-29 წლის ახალგაზრდებში-19.3%-ით. უმუშევარი ახალგაზრდების საერთო რაოდენობიდან (98.0 ათასი კაცი 2017 წელს) ყველაზე დაბალი წილით (14.3%), 15-19 წლის ახალგაზრდები გამოირჩევიან, რაც ბუნებრივია, მათი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე. აღნიშნული ცვლილებები შესაბამისად აისახა ეკონომიკური აქტივობის, უმუშევრობისა და დასაქმების ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ასე, მაგალითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ახალგაზრდების უმუშევრობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია საშუალოდ 35.9%-დან 25.8%-მდე (იხ. სქემა 1).

სქემა 1 

 

მათ შორის, 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 35.6%-დან 27.1%-მდე, 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 39.7%-დან 29.6%-მდე, ხოლო 25-29 ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, 32.3%-დან 20.8%-მდე. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე 25-29 წლის ასაკობრივ ჯუფში ფიქსირდება, სადაც ის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 11.5%-ითაა შემცირებული. უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბოლო პერიოდში შრომის ბაზარზე ახალგაზრდების ეკონომიკური აქტივობის დონის მაჩვენებლის ზრდამ (იხ. სქემა 2). 

სქემა  2

 როგორც სქემის მონაცემიდან ჩანს, ეკონომიკური აქტივობის დონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 25-29 ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებისათვის (75.8%), შემდეგ კი 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის (64.3%). ბუნებრივია, აქტივობის შედარებით დაბალი დონით (24.6%) 15-19 წლის ახალგაზრდები გამოირჩევიან.

 ეკონომიკური აქტიურობისა და უმუშევრობის მაჩვენებლების ასეთი დინამიკა შესაბამისად აისახა ახალგაზრდების დასაქმების დონის მაჩვენებლებზეც (იხ. სქემა 3), რაც ბოლო 10 წლის პერიოდში გაზრდილია სამივე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. მათგან დასაქმების დონის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი შეინიშნება 20-24 წლის ახალგაზრდებში. კერძოდ, 2007 წელთან შედარებით, 2017 წელს აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების დონის მაჩვენებელი 28.0%-დან 45.3%-მდე გაიზარდა. 24-29 წლისა და 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის კი აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შედარებით დაბალი იყო და შესაბამისად -  11.6% და 8.4%-ს შეადგენდა. როგორც ანალიზი გვიჩვენებს, ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომის ბაზარზე 15-29 წლის ახალგაზრდობის დასაქმების მდგომარეობა არაერთგვაროვანი ტენდენციით და პროცესებით ხასიათდება.  უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ სფეროში გარკვეული პოზიტიური ძვრებისა და ცალკეული მაჩვენებლის დადებითი დინამიკის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ დღემდე საგრძნობლად მაღალია უმუშევარი ახალგაზრდების წილი და შესაბამისად, მათი უმუშევრობის დონის მაჩვენებელიც.   

სქემა 3

 

ახალგაზრდების უმუშევრობის სფეროში არსებულ უმძიმეს ვითარებას ადასტურებს საანალიზო პერიოდში (2007-2017 წლები) ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო დონეზე ჩატარებული ცალკეული მნიშვნელოვანი კვლევების[(კვლევა 2015, https://www.mes.gov.ge/); (კვლევა 2016, Tracer Study); (კვლევა 2018, EPPM); (კვლევა 2019, EPPM)]შედეგებიც, რაც კონკრეტულად ახალგაზრდების დასაქმების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კმაყოფილების, შრომითი მოწყობის პრობლემებს მიეძღვნა. მათგან ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კვლევა, რომელმაც მოიცვა საქართველოს ყველა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. კვლევის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებული (1310 პიროვნება, საშუალო ასაკი 24 წელი). გამოკითხულთა კმაყოფილების ანალიზი განხორციელდა სხვადასვა ასპექტის მიხედვით: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო პროცესის ორგანიზება, ინფრასტრუქტურა, სწავლების მეთოდები, სწავლის ხანგრძლივობა, განათლების ხარისხი, პრაქტიკული კურსები და მისი ხანგრძლივობა, სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ურთიერთობა, დასაქმებაზე ზრუნვა. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ყველაზე დაბალი რეიტინგით სწორედ დასაქმებაზე ზრუნვა შეფასდა - „ამ შემთხვევაში, კმაყოფილების საშუალო მაჩვენებელი 2-ზე დაბალია, კერძოდ კი 1,81-ს უდრის“ (კვლევა 2015, https://www.mes.gov.ge/. Tracer Study, 12). კურსდამთავრებულთა 50,6% დაუსაქმებელია, მუშაობს მხოლოდ 38,9%. ამ უკანასკნელთაგან 11,6%-მა დაიწყო მუშაობა კოლეჯის დახმარებით, 1,0%-მა დასაქმების სახელმწიფო ცენტრის დახმარებით, ხოლო დასაქმებულთა ძირითადმა ნაწილმა სამსახური დაიწყო დამოუკიდებლად (43.3%) და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით (38.2%). ძირითადი მიზეზები, რის გამოც კურსდამთავრებულები ვერ პოულობენ სამუშაოს, შემდეგია: საკმარისი ცოდნისა და ძირითადი უნარების უქონლობა-15,0%; საკმარისი გამოცდილების უქონლობა-23,1%; დაბალი მოთხოვნა პროფესიაზე-23,7% და სხვა. დამაფიქრებელია, რომ „დასაქმებულ კურსდამთავრებულთა დაახლოებით 42,6% აღნიშნავს, რომ მათი სამუშაო სრულად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია იმ სპეციალობასთან, რომელიც მიიღეს პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო 57,4% აღნიშნავს, რომ მისი სამუშაო არ არის კავშირში მიღებულ სპეციალობასთან“ (კვლევა 2015, Tracer Study, 24). ახალგაზრდების დასაქმებისა და შრომითი მოწყობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასკვნებია წარმოდგენილი მომდევნო პერიოდის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიშების (TRACER STUDY) მიხედვით, რომელსაც პერიოდულად ახორციელებს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი. ასე მაგალითად, 2017 წელს წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ ძირითად მიგნებას წარმოადგენს ის, რომ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს „პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული რიგი ასპექტები, როგორიცაა დასაქმებაზე ზრუნვა (64.0%), პრაქტიკის კურსები (40.0%) და განათლების ხარისხი (39.0%),  საჭიროებს გაუმჯობესებას“ (კვლევა 2015, Tracer Study, 4). პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მთლიანმა მაჩვენებელმა მხოლოდ 56.2% შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ადგილი აქვს არაეფექტიანი დახმარების გაწევას ახალგაზრდების შრომითი მოწყობის პროცესში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ინტერესს სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე, ან ასტიმულირებს მათ შრომითი ემიგრაციას.

დასკვნები და რეკომენდაციები

 ახალგაზრდების დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ასევე აღნიშნულ სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ რიგი დასკვნები. კერძოდ, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან და ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ახალგაზრდების ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია გამოვყოთ მასზე მოქმედი შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

       1. თანამედროვე პირობებში შეინიშნება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების კურსთამთავრებულთა კვალიფიკაციის დონის შეუსაბამობა დამსაქმებელთა მოთხოვნებთან, რასაც ემატება: დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ გამოცდილების უქონლობა, სათანადო ცოდნის უკმარისობა, მიღებული პროფესიის მიხედვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების ნაკლებობა. მაგალითად,  გამოკვლევებით ოფიციალურად დადასტურებულია, რომ უმაღლესი განათლების უკუგების შემდგომი ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია უმაღლესი განათლების მქონე პირთა კომპეტენციების ბაზრის მოთხოვნებთან ნაკლები თავსებადობა და თვითდასაქმების დაბალი მაჩვენებლები (კვლევა 2018, EPPM, 16). შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც ახალგაზრდა კადრების, ასევე მთლიანად შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სტრუქტურაში უმუშევართა შორის 32.34% უმაღლესი განათლების, ხოლო 21.86% პროფესიული განათლების მქონე პირია. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.  თუმცა სამწუხაროა, რომ „საქართველოს განათლების სისტემის ბოლო პერიოდის რეფორმების არაერთმა მცდელობამ დასახულ მიზანს - ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას - ვერ მიაღწია. რეფორმების ახალი ტალღები და პრიორიტეტების ხშირი ცვლილება ვერ უზრუნველყოფს განვითარებაზე ორიენტირებული მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას და სისტემის ეფექტიანობის ხარისხის საგრძნობ ამაღლებას“ (კვლევა 2019, EPPM, 1).   

       2. უმაღლესი და პროფესიული განათლების  მქონე კადრების კომპეტენციების დაბალი დონე და სამუშაო ძალის განათლების ხარისხის შეუსაბამობა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განაპირობებს კვალიფიცირებული სამუშაო ძალის დეფიციტსა და კონკრეტული პროფესიების მიხედვით კადრების მოძიების სირთულეებს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2008-2017 წლების ანგარიშებში საქართველოში ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, ბოლო 4 წლის მანძილზე, პირველ ადგილზეა „სამუშაო ძალის არაადეკვატური განათლება“, ხოლო მეორეზე - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა“ (გაგნიძე 2018, 89). საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება, თავის მხრივ, დასაქმების, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა კადრების, სპეციალისტების დასაქმების ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია და შესამჩნევ გავლენას ახდენს მათი შრომითი ემიგრაციის მასშტაბებზე. მართლაც, „ეკონომიკის განვითარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასტიმულირებს და ქვეყნიდან მუშახელის გადინების მასშტაბებს ამცირებს“ (სილაგაძე 2019, 38). მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ეკონომიკური განვითარების არასაკმარისი ტემპები ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას, რაც ადეკვატურად აისახება მათი დასაქმების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე;

       3. ახალგაზრდების დასაქმებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია შრომისა და დასაქმების სფეროში ადაპტაციის გზებთან დაკავშირებით მათი წარმოდგენები, შეხედულებები. ხშირად ისინი, პროფესიის შერჩევისას, არ არიან ორიენტირებულები შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ სიტუაციაზე, მის რეალურ მოთხოვნებზე. სახეზეა პროფესიული ორიენტაციის ძალზე სერიოზული პრობლემა, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე ინოვაციებისა და გლობალიზაციის ეპოქაში. „საქართველოსთვის პროფესიული ორიენტაციის საკითხი ერთ-ერთი უმწვავესია, თუმცა საზოგადოება სათანადოდ ვერ აღიქვამს არასწორ პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ნეგატიურ შედეგებს... საქართველოში უმუშევრობის არსებული მაღალი დონის პირობებში, როდესაც ასიათასობით ადამიანი უმუშევარია, დამსაქმებლები ვერ პოულობენ ვაკანტური სამუშაო ადგილებისთვის შესაფერის კადრებს, შესაბამისად, სწორი პროფესიული ორიენტაცია იძენს აქტუალურ მნიშვნელობას“ (კვირკვაია 2018, 52-53);

       4. შრომის ბაზარი მიმდინარე ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს დასაქმების სფეროში სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვას, სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, შრომითი უფლებების თანაბარ რეალიზაციას. ამასთან, მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი შრომის ბაზრის სხვადასხვა სახის სერვისსა და ღონისძიებაზე (Tsartsidze 2018, 92);

       5. დღემდე ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს უმუშევარი ახალგაზრდების სოციალური დაცვის მექანიზმი, მათი გადამზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები;

       6. მნიშვნელოვანი პრობლემებია ახალგაზრდების შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სფეროში, დაბალია მათი ხელფასები. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს შრომის პირობების მოუწესრიგებლობა, შრომის ორგანიზაციის, სტიმულირებისა და მოტივაციის დაბალი დონე (ტუხაშვილი 2012, 75-76);

       7. შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის არარსებობა, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სპეციალობით სამუშაოს მოძიებას, ასევე დამსაქმებლებს უქმნის სერიოზულ სირთულეებს მათთვის საჭირო კადრების მოზიდვისა და დაქირავების პროცესში;

       8. დღემდე ქვეყანაში არ არსებობს დასაქმების და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების რეგულირების მეცნიერულად დასაბუთებული მართვის პრაქტიკა და შესაბამისი  საკანმომდებლო ბაზა;

       9. არ არის განვითარებული სოციალური პარტნიორობის სისტემა სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროში.

 აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ახალგაზრდების ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, რაც არაერთხელ იქნა ჩვენ მიერ დასაბუთებული (ცარციძე 2017, 585). ამის აუცილებლობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს შრომის ბაზარზე კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის მკვეთრი დისბალანსის არსებობა, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, კონკრეტული პროფესიების მიხედვით კადრების მოძიების სირთულეები და სხვა. შესაბამისად, დასაქმების აქტიური პოლიტიკის ფარგლებში, აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

       1. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავიცნობიეროთ, რომ ახალგაზრდების შრომითი მოწყობის პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია სოციალური პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, სადაც ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აქტიური როლი უნდა შეასრულონ დამსაქმებელთა ორგანიზაციებმა, უმაღლესმა და პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ახალგაზრდობის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა და სხვა. აღნიშნული მოითხოვს სოციალური პარტნიორობის პრინციპულად ახალი მექანიზმის ფორმირებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს შრომის ბაზრის სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ცივილიზებული ფორმების გამოყენებას, კოლექტიურ-სახელშეკრულებო რეგულირების პრაქტიკის დანერგვას. ახალგაზრდების დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა არ უნდა განხორციელდეს სტიქიურად. ის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ასპექტით მოითხოვს მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომას. ეფექტიანი დასაქმება არ ნიშნავს მხოლოდ დასაქმებულთა რიცხოვნობის მექანიკურ ზრდას. აქ მთავარია მისი ძირითადი მოტივისა და სოციალური შინაარსის გათვალისწინება. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს: შრომის უფლების რეალიზაცია, ცხოვრების მაღალი დონე და ღირსეული არსებობის პირობები, მაღალეფექტიანი შრომის სტიმული სათანადო „ღირსეული“ ანაზღაურების საფუძველზე, პროფესიული შესაძლებლობების ზრდა და პიროვნების განვითარების სტიმულირება (ცარციძე 2004, 40). სწორედ ასეთი ეფექტიანი დასაქმება გახდება ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ბერკეტი და სიღარიბის დაძლევის მთავარი ფაქტორი. შესაბამისად, ძნელია არ დაეთანხმო ძალზე მნიშვნელოვან და ობიექტურ დასკვნას, რომ “სიღარიბის დასაძლევად სოციალურ დახმარებაზე ბევრად ეფექტიანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და სამუშაო ძალის სრულფასოვანი ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში“ (ხადური 2018, 42);

       2. უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის განვითარების დონისა და ხარისხის ამაღლება, მისი ორიენტირებულობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. კადრების მომზადება–გადამზადების ადეკვატური სისტემის ფორმირება, რაც მთლიანად აღმოფხვრის კვალიფიცირებული სამუშაო ძალის ნაკლებობას და კონკრეტულ პროფესიებში კადრების მოძიებისას შექმნილ სერიოზულ ბარიერებს, სირთულეებს. ამ მიზნით, ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანია „ეფექტიანად ფუნქციონირებადი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა“ (მექვაბიშვილი 2018, 243);

       3. ახალგაზრდების ეფექტიანი დასაქმება შეუძლებელი იქნება მთლიანად ეკონომიკისა და მისი კერძო სექტორის დაჩქარებული განვითარების გარეშე. ეს უკანასკნელი უნდა გახდეს დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ფაქტორი. „სწორედ კერძო სექტორის განვითარება უწყობს ხელს დასაქმების ზრდას, დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას და ამ გზით სიღარიბის შემცირებას“ (პაპავა 2015, 152);

       4. ვინაიდან ახალგაზრდობა ყველა ქვეყანაში განიხილება როგორც აქტიური საზოგადოებრივი ძალა და სტრატეგიული ადამიანური რესურსი, მათი დასაქმება განსაკუთრებულ ხელისშეწყობას საჭიროებს. ამიტომ საჭიროა ახალგაზრდების დასაქმების პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მათი მომზადების, გადამზადების, სამუშაოს მოძიებაში დახმარების, კარიერის დაგეგმვისა და კონსულტირების, მობილობის ხელშეწყობის საკითხებს;

       5. აუცილებელია შრომისა და დასაქმების სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და გაუმჯობესება. ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებული კონვენციების (N88 კონვენცია-„დასაქმების სამსახურის შესახებ“; N122 კონვენცია-„დასაქმების პოლიტიკის შესახებ“; 181 კონვენცია-„დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“) ძირითადი პრინციპების დაცვა და მოთხოვნების ჯეროვნად შესრულება;

       6. შრომის ბაზარზე მდგომარეობის შესახებ ერთიანი საინფორმაციო სისტემის, ბაზის შექმნა, სადაც იქნება სრულყოფილი ინფორმაცია მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიების, პროფესიული განათლების მიღებისა და შრომითი მოწყობის შესაძლებლობების შესახებ და სხვა;    

       7. დასაქმების აქტიური პოლიტიკის წარმატებით რეალიზაციის მიზნით მიზანშეწონილია მისი განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა. მან უნდა უზრუნველყოს ახალგაზრდების დასაქმების სფეროში მიღებული ყოველი კონკრეტული პროგრამის შესრულების მკაცრი კონტროლი, მისი ყველა პარამეტრისა და მაჩვენებლის მიხედვით. 

ლიტერატურა:

  • 2016 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევის ანგარიში (TRACER STUDY). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი თბილისი 2017. https://mes.gov.ge/uploads/files/2016-(Tracer%20Study).pdf
  • გაგნიძე ი. (2018). კლასტერსა და სამეწარმეო უნივერსიტეტებს შორის სისტემური კავშირის როლი ეკონომიკის განვითარებაში. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“., N1.
  • განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM). უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში. უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზი ხუთი სტრატე-გიული მიმართულების მიხედვით. უმაღლესი განათლება და დასაქმება. https://drive.google.com/file/d/0B9RC0lzxlY4ZcGlONGFsUldNRjA/view
  • განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM). განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა. 28.02.2019წ. http://eppm.org.ge/wp-content/uploads/2019/03/Policy_brief_ strategic_planning.pdf
  • კვირკვაია მ, კიკუტაძე ვ., სიხარულიძე დ., შაბურიშვილი შ., ჭარაია ვ. (2018). ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო. “ეკონომისტი”, N2.
  • მეტრეველი რ. (2018). განათლების მზე საუკუნეებში იკაშკაშებს! „ალმა მატერი“ ასი წლისაა. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ N1.
  • მექვაბიშვილი ე. (2018).გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი. გამომცელობა „ინტელექტი“. ISBN 978-9941-476-29-7. http://eb.tsu.ge/doc/emekvabishvili.pdf
  • პაპავა ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები. გამომცემლობა ინტელექტი. თბილისი.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება N400 „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე“, 2014 წლის 17 ივნისი    ქ. თბილისი.
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება №199 „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა  და  საქართველოს  შრომის  ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, 2013 წლის 2 აგვისტო, ქ. თბილისი.
  • საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი შრომის ბაზარზე. კურსდამთავრებულთა კვლევის ანალიზი. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თბილისი-2015. http://test.vet.ge/wp-content/uploads/ 2016/02/2014-Analysis.pdf
  • საქართველოს საქართველოს მთავრობის დადგენილება №167 „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2016 წლის 4 აპრილი. 
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/
  • საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი 2017. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. http://www.lmis.gov.ge/
  • სილაგაძე ა. (2019).სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოური ქვეყნების ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის  შედარებითი ანალიზი. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტომი XI, N1.
  • ტუხაშვილი მ., ანანიაშვილი ი., ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ., შელია მ., ჭელიძე ნ. (2012).შრომის ბაზარი და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში. პუბლიკაცია მომზადებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „სარეინტეგრაციო საქმიანობა საქართველოში“ მხარდაჭერით. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი.
  • უმაღლესი განათლების პრობლემა საქართველოში-ვინ, რას და როგორ ასწავლის სტუდენტებს. http://eugeorgia.info/ka/article/431/
  • ცარციძე მ. (2004).შრომის ბაზრის ფორმირება და სამუშაო ძალის კვლავწარმოება საქართველოში. სადოქტორო დისერტაცია, ავტორეფერატი. თსუ გამომცემლობა, თბილისი.
  • ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ. (2017).უმუშევრობა და დასაქმების აქტიური პოლიტიკა შრომის ბაზრის ფორმირების მიმდინარე ეტაპზე საქართველოში. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში", 2017 წლის 3-4 ნოემბერი, თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. შრომების კრებული. თბილისი. ISBN 978-3-9941-13-650-4.https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/global.pdf
  • ხადური ნ. (2018). ინკლუზიური ზრდის ფაქტორები და საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევები. ჟურნალი „ეკონომისტი“, N1.
  • Shelia M. (2018). Reproductive Behavior of Students in Georgia. Демографія та соціальна економіка,  № 2(33).P. 94-102. 
  • Tsartsidze M (2018). Problems of Labor Market Formation and Strategic Directions for its Overcoming in Georgia. Institute of Researches and International Symposiums IRIS–ALKONA. Latvia. ISSN 2414-2344. Journal of International Academic Research JIAR. ISSN 2592-8600. VOLUME-1(2018) NO.1. http://irissymposium.wixsite.com/website-71
  • Tsartsidze M. (2018).Unemployment and the effective employment problems  in Georgia under the modern globalization terms. Institute of Researches and International Symposiums IRIS–ALKONA. Latvia. Journal of International Economic Research. ISSN 2500-9656. Volume 4. No.1.http://irissymposium.wixsite.com/website
  • Tukhashvili M. (2018).  Georgian Labour Market in the condition of Political and Economic Crisis.In the book:Youth Employment: Challenges and Opportunites. Timisoara.Eurostampa, 2012. p.294-300.
  • Tukhasvhili M., Tsartsidze M., Latsabidze N., Lobzhanidze M., Shelia M. (2018).Emigration Intentions of Students of Higher Education Institutions of Georgia (Examples From Ivane Javakhishvili Tbilisi State University). European Journal of Humanities and Social Sciences. Scientific journal. Vienna. Premier Publishing. №3 2018. P.132-140. ISSN 2414-2344.https://ppublishing.org/ journals/769/


[1]საქართველოში მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული პროგრამების შემუშავებას, რეალიზაციასა და მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სოციალური მომსახურების სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი. დასაქმების სფეროში არსებული პროგრამების წარმატებით რეალიზაციისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასა და ევროკაშირს შორის 2013 წელს დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში სექტორული მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედება (იხ. საქართველოს მთავრობის განკარგულება N2181 „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების” საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე 2013 წლის 26 დეკემბერი).